თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობისას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელი ხაზის საშუალებით უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ, იუწყება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა აერთიანებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალურ დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
პლატფორმის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი – სერვისები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის.
„აღნიშნული სერვისის მიღება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განახლებულ ცხელ ხაზზეა (032) 2 501 105 შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებში გადაამისამართებენ. მათ შორისაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები“, – აცხადებენ წითელი ჯვრის ორგანიზაციაში.
გარდა ცხელი ხაზისა, ფსიქოლოგებთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 591 910 040 (ორშაბათი/სამშაბათი/პარასკევი – 10:00-18:00 სთ); 591 910 045 (ოთხშაბათი/ხუთშაბათი – 10:00-18:00 სთ).
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიას. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.
წითელ ჯვარი პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და მათი ძალისხმევით უკვე 40 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება სასურსათო კალათებით და მედიკამენტებით.