საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ონლაინ–გამოფენაში მონაწილეობს

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გამოფენა ვირტუალურ სივრცეში პირველად ტარდება.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვირტუალურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020 იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

UNWTO-ს გენერალური მდივანი: ტურიზმის აღდგენა იწყება

WTM (World Travel Market) – მსოფლიო ტურისტული გამოფენაა, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ მთავარ ყოველწლიურ მოვლენას წარმოადგენს, ევროპაში სიდიდით მეორე ყოველწლიური ტურისტული გამოფენაა, რომელიც 1980 წლიდან იმართება. გამოფენის ძირითადი მიზანია ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამიტომაც WTM virtual გამოფენა ბიზნეს–კავშირების აღდგენასა და ახალი ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებული.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გამოფენა ვირტუალურ სივრცეში პირველად ტარდება. ღონისძიება ლონდონში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

საქართველოს გარდა, ღონისძიებაში 3500-მდე კომპანია და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ყველა რეგისტრირებულ კომპანიას და ქვეყნის წარმომადგენელს ვირტუალური გვერდი აქვს, სადაც საერთაშორისო „ბაიერებთან“, სარეკლამო კომპანიებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ონლაინ–შეხვედრები ტარდება. გამოფენის ფარგლებში გამართული კონფერენციების, სესიებისა და ფორუმების ძირითადად თემას ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგარი პრობლემები, კრიზისის დაძლევა და პოსტკოვიდურ პერიოდში სამოქმედო გეგმების შემუშავება წარმოადგენს.

გამოფენა 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.