ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები აიღეს

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას სხვადასხვა წონით კატეგორიაში კიდევ ხუთი ახალგაზრდა ძიუდოისტი დაიცავს.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ხორვატიის ქალაქ პორეცში ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის საქართველომ პირველი მედლები მოიპოვა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა თემურ ნოზაძემ ფინალური შეხვედრა ბერძნული წარმომავლობის კონსტანტინ სიმეონიდისთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. სიმეონიდისი რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობს, მან ფინალის საგზური ჯაბა პაპინაშვილთან მოგებით მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო

ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს კიდევ ორი პრიზიორი ჰყავს. ჯაბა პაპინაშვილმა რუსთან დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ ალესანდრო არამუს აჯობა. პაპინაშვილმა შეხვედრის მიწურულს არამუ შებოჭვაზე დაიჭირა და სუფთა გამარჯვებით მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი დამაჯერებლად მოიპოვა ბაგრატ ნინიაშვილმაც, რომელმაც ესპანელი ძიუდოისტი ადრიან ნიეტო ჩინარო ორი ვაზარის მეშვეობით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიეტო ჩინარომ, თავის მხრივ, მეორე წრეში გიორგი თუთაშვილს იპონით სძლია.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი დაიცავენ. ასევე შეხვედრებს გამართავენ ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის დღეს დასრულდება.