თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებსა და ადმინისტრაციის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის ინფორმაციით, ვირუსი კლუბის 12 ფეხბურთელს დაუდგინდა, აქედან ორი გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი იზოლაციაში იმყოფებიან. კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების გამო „ტორპედომ“ რამდენიმე შეხვედრა უკვე გააუქმა.
„ბოლო ტესტებით ვირუსი შვიდ ფეხბურთელს დაუდგინდა. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე. ამ დროისათვის დისტანციურად ვმუშაობთ. ასევე ვირუსის გავრცელების გამო ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრა გაუქმდა“, – განაცხადა პაპუნა მელაძემ.
მისი თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია, რადგან ფეხბურთელები და ადმინისტრაციის წევრები სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ. შესაბამისად, არ იციან, თუ სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყვნენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2970-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 63650-ს მიაღწია.
„მერანის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 47 390 ადამიანი, გარდაიცვალა 521 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.