კინოცენტრი კინოდოკუმენტალისტებისთვის მასტერ–კლასებს ჩაატარებს

სამდღიანი ვორქშოპი კინოდოკუმენტალისტებს დაეხმარება გაიგონ, როგორც გამოიყენონ დოკუმენტური ფილმი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარდაქმნებისთვის, როგორც იპოვონ პარტნიორები და სხვ.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამდღიან ვორქშოპს გამართავს კინოდოკუმენტალისტებისთვის, რომლებიც იღებენ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს და დაინტერესებული არიან ეფექტური კამპანიის დაგეგმვით.

მასტერ-კლასებზე, რომლებიც გაიმართება 29, 30 ნოემბერს და 2 დეკემბერს, განიხილავენ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას: როგორ უნდა გამოიყენო დოკუმენტური ფილმი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებებისთვის; როგორ უნდა იპოვო სწორი პარტნიორები და გავრცელების ახალი გზები; ვინ არის და რას აკეთებს „იმპაქთ” პროდიუსერი. მონაწილეები პარალელურად მიიღებენ რჩევებს თავიანთი ფილმის პროექტისთვის შესაფერისი სტრატეგიის შესამუშავებლად, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს

ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები წარადგენენ საკუთარი სტრატეგიის სამუშაო ვერსიას და მიიღებენ ცნობილი ექსპერტების შეფასებებს. ვორქშოპი გაიმართება ონლაინ, ESoDoc-ის (ევროპული სოციალური დოკუმენტური ფილმის) ფარგლებში.

სემინარს ჩაატარებს სარა მოსესი – ბრიტანელი „იმპაქთ” (Impact) პროდიუსერი და Together Films-ის დამფუძნებელი. ის დოკუმენტური ფილმების დაფინანსების ახალ წყაროებზე მუშაობს. სპიკერი ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება დოკუმენტური ფილმების არეალის გაფართოება.

საუკეთესო პროექტი ერთ-ერთი ორგანიზატორისგან – Chai Khana და მისი პარტნიორებისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

საქართველოში მინი–სესია ორგანიზებულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (GNFC) მიერ, „ფრიტ ორდის ფონდისა“ (Fritt Ord Fund) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.