თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო, იუწყება თბილისის მერია.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, სამუშაოები დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.
კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.
სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.
მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.
დღეისათვის თბილისში, როგორც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს. გაგრძელდება ის თუ არა ახალი წლის ღამემდე, ჯერჯერობით უცნობია.
ეპიდემიოლოგები კორონავირუსის პიკს დეკემბრის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ.