„დაუმორჩილებლობის ღამე" ბათუმში: შსს-მ კანონდამრღვევებს ჯარიმები გამოუწერა

აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია კვირას დაიწყო, თბილისში მრავალათასიანი აქციის პარალელურად.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია, მიუხედავად ორშაბათს ამოქმედებული შეზღუდვებისა, არ დასრულებულა – ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ დაემორჩილებიან დადგენილ რეგულაციებს და პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 

შსს-მ პირობა შეასრულა: „დაუმორჩილებლობის ღამის“ მონაწილეები დააჯარიმეს

მთავრობის დადგენილებით 9 ნოემბრიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება როგორც ქვეითად მოსიარულეების, ისე ავტომობილებისთვის, ასევე აკრძალულია საჯარო ადგილზე ყოფნა. გამონაკლისს წარმოადგენს სპეციალური სამსახურების, საკურიერო მომსახურების, მასმედიის, სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროების თანამშრომლები. ხელისუფლების განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების მიზანი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციაა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ შეზღუდვები პოლიტიკური მიზნით შემოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევას სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.

„კონკრეტულ პირებს სურთ, რომ ჩვენი პროვოცირება მოახდინონ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევებში ვიმოქმედებთ. არის დარღვევა და რეაგირებაც შესაბამისი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში იმოქმედებს. ისინი დაჯარიმდებიან“, – განაცხადა ანანიაშვილმა.

მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები იდენტიფიცირებული არიან და ყველა მათგანი დადგენილი წესით დაჯარიმდება – საჯარიმო ქვითრები მათ საცხოვრებელ მისამართზე გადაეგზავნებათ.

დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის რამდენი ადამიანი დაჯარიმდა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირების 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირების 10 ათასი ლარით დაჯარიმებას.

საპროტესტო აქცია ბათუმში

აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია კვირას დაიწყო, თბილისში მრავალათასიანი აქციის პარალელურად.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და დაშლას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნები – ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ვადამდელი არჩევნები. 

ბათუმი საპროტესტო აქციის შემდეგ: მთავრობის სახლი კარვებითაა გარშემორტყმული

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ახალ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან, რომლის თანახმადაც, ორშაბათიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში, მათ შორის ბათუმში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გამოსვლა აკრძალულია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს.