დაუმორჩილებლობა მუსიკის თანხლებით: რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან

პოლიციის თანამშრომლები არ რეაგირებენ აქციის მონაწილეებზე, თუმცა მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებას ახორციელებენ
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ასამდე ადამიანი იმყოფება ახლა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ - მიუხედავად ძალაში შესული შეზღუდვისა, რომელიც გადაადგილებას და საჯარო სივრცეში ყოფნას კრძალავს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მონაწილეების ძირითადი ნაწილი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. უმრავლესობას პირბადე უკეთია, თუმცა ზოგიერთს - არა, მიუხედავად ორგანიზატორების არაერთი მოწოდებისა სცენიდან.

ეუთო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან

პარლამენტთან ისმის მუსიკა და მონაწილეთა ერთი ნაწილი ცეკვით თბება, ზოგი ფეხბურთსა და ფრენბურთს თამაშობს.

ამას არავინ ელოდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არ რეაგირებენ პარლამენტის წინ მდგომებზე, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებას ახორციელებენ.

ამასობაში შსს-მ განაცხადა, რომ ყველა პირის იდენტიფიცირება უკვე დაიწყო და ყველა მათგანი კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.

აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან ჰამაკის დაკიდება და აქციის დროს მასში დაძინება გადაწყვიტა. პოლიციის თანამშრომლებმა ის გააღვიძეს და ჰამაკი ჩამოართვეს.

მოგვიანებით აქციის პერიმეტრის ფარგლებს გარეთ პოლიციამ რამდენიმე მონაწილე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანიოძე 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ოპოზიციამ თბილისში ახალი აქციები დააანონსა >>

პოლიციამ ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე დააკავა კიდევ სამი ადამიანი, რომლებმაც აქციაზე შეშის შეტანა სცადეს. ამჟამად ისინი სასამართლოს სხდომას წინასწარ პატიმრობაში ელოდებიან.