მსოფლიო დღეს

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას და გამოძიების მიმდინარეობისა და დამნაშავეთა წრის დასადგენად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ აცნობა
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი Ми-24-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ორშაბათს, 9 ნოემბერს, 18:30 საათზე ბაქოს დროით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან (აზერბაიჯანის ტერიტორია) რუსულ ვერტმფრენი Ми-24 ჩამოაგდეს. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი, ერთი სამხედრო დაშავდა.

სომხეთში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი, არიან დაღუპულები

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 342.2 მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ომის დროს ან საბრძოლო ვითარებაში). ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურას დაევალა.

პროკურატურის თანამშრომლებმა სამხედრო ექსპერტების მონაწილეობით შეისწავლეს სარაკეტო დანადგარი, აგრეთვე ინფორმაციული სისტემები, გამოკითხეს სამხედრო მოსამსახურეები და გამოითხოვეს გამოძიებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავეების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მისაცემად.

აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა

სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა ოფიციალური წერილით მიმართა და ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს. აზერბაიჯანის უწყების ხელმძღვანელმა სამძიმარი გამოუცხადა რუს კოლეგას და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა.

გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელმა გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ფაქტზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება აღუთქვა.

თავის მხრივ, კრასნოვმა აცნობა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ იმავე ინციდენტზე პარალელური სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. გამოძიების მიმდინარეობისას აზერბაიჯანის უწყებასთან კოორდინაცია გამოძიების ეფექტურობას შეუწყობს ხელს, აღნიშნა რუსული უწყების წარმომადგენელმა.