სესიაშვილი: ულტიმატუმით საუბარი არ უნდა იყოს, რადგან საერთო ინტერესი გვაქვს

კვირას ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. ცესკოს შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან – შედგეს დიალოგი, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

სესიაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა დიალოგის ფორმატში არ უნდა მოხდეს ულტიმატუმის ენით საუბარი.

„ქართულ ოცნებას“ ძალიან ადეკვატური აღქმა აქვს იმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ცხადია, ნებისმიერ დროს მზად ვართ დიალოგისთვის. საპარლამენტო არჩევნები რომ წააგეს, ფაქტია, და ეს მანამდეც კარგად იცოდნენ. მთავარია, პატივი სცე ამომრჩეველს, საკუთარ თავს, მოწინააღმდეგეს და იფიქრო ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ბოკერია: განხილვის საგანი მხოლოდ ახალი არჩევნები შეიძლება გახდეს

კვირას, 8 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.