კომპრომისი თუ... ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა?

ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას აღიარებს, თუმცა უარს არ ამბობს საკუთარ მოთხოვნებზე – ვადამდელი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერები შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. 

დავით უსუფაშვილი: როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, იგი ემხრობა მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას, თუმცა ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, გარდა ახალი არჩევნების ჩატარებისა.

„არ მგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ მხარეებს შორის დიალოგის გარეშე შეიძლება ამ ვითარებიდან გამოსვლა. ვფიქრობ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც ესმით, რომ დღეს ქვეყანაში კრიზისს ქმნის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებრივი ნდობის მანდატი დაკარგა და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და ბოლომდე არ ჩამოგვენგრეს ნახევრად დაშლილი ჩვენი სახელმწიფო, ამისთვის აუცილებელია კომპრომისის მოძებნა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებამდე აქციების გაგრძელებას უჭერს მხარს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, უცვლელია სამი მოთხოვნა: ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჯვანიას გადადგომა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

გამყრელიძე: გამოხატვის უფლებაზე მაღლა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დგას

„ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ. დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდება, სხვა სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით კი აქციაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. „კომენდანტის საათის“ შემოღება – ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის შემოღებული შეზღუდვა.

დღეს ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან, პარლამენტის შენობის წინ 18:00 საათზე იკრიბებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა ცესკოს შენობასთან გამართული აქციის შემდეგ მიიღეს, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

დღეს, 22:00 საათიდან საქართველოს დიდ ქალაქებში ძალაში შედის შეზღუდვა ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეების გადაადგილების შესახებ.