კახა საბანაძე: ცესკოსთან გამართულ აქციაზე 14-მდე სამართალდამცველი დაშავდა

ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგზე.
Sputnik
კახა საბანაძე: ცესკოსთან გამართულ აქციაზე 14-მდე სამართალდამცველი დაშავდა
„აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. პოლიციამ 8 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 19 პირი დააკავა“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს, აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.