თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბმა აშშ-ის ადმინისტრაციის სამეთვალყურეო სამმართველოს მიმართა მოთხოვნით, აღიაროს ის არჩეულ პრეზიდენტად, იუწყება ტელეარხი Fox News.
შტაბის მიერ შედგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დემოკრატი კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში „დამოუკიდებელი მტკიცებულებების“ საფუძველზეა დადასტურებული. შესაბამისად, ისინი მოითხოვენ, დაუყოვნებლივ აღიარონ ბაიდენი პრეზიდენტად, ხოლო კამალა ჰარისი – ვიცე-პრეზიდენტად.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, დემოკრატების ამ მოთხოვნის პასუხად სამმართველოს დირექტორმა ემილი მერფიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად ცნობილი არჩეულ პრეზიდენტად და, შესაბამისად, დემოკრატების საარჩევნო შტაბს დაცდა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა უკვე მიულოცეს გამარჯვება.
ამასთან ცნობილი ხდება ისიც, რომ დონალდ ტრამპი აპირებს მიტინგებზე წარმოადგინოს არჩევნებში გარდაცვლილი ადამიანების მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები, მის ადვოკატებს სარჩელები შეაქვთ სხვადასხვა შტატის სასამართლოებში ხმების დათვლის შეჩერებისა და სავარაუდო დარღვევების გამოძიების მოთხოვნით, ხოლო ტრამპის შტაბი მზადაა გამოაცხადოს, რომ იქმნება გუნდი ხმების გადასათვლელად ჯორჯიაში, არიზონასა და პენსილვანიაში.