საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნების პირველი რაუნდი ასე თუ ისე ჩატარებულია. არსებული მოცემულობით, პროცენტების მიხედვით, 60-61 მანდატს „ქართული ოცნება“ ეუფლება, 59-ს - ოპოზიცია. გამარჯვებული 13 მაჟორიტარიც მმართველ ძალას წარმოადგენს. დანარჩენ 17 ოლქში მოგების შანსი ძირითადად „ქართულ ოცნებას“ აქვს. აი, 2-3 ოლქი კიდევ შესაძლოა წაეღო ოპოზიციას, მაგრამ ისინი მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარის აცხადებენ...
დიდი ხანია, გია ხუხაშვილი, თინა ხიდაშელი და კიდევ რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი ოპოზიციას ურჩევს, შედით პარლამენტში, აკრიტიკეთ ხელისუფლება, მას წინ ისედაც რთული ეპიდემიოლოგიური, სავალუტო და სოციალ-ეკონომიკური ვითარება ელის და ეს შანსი და ტრიბუნა გამოიყენეთო, მაგრამ საქართველოში როდის იყო, ჭკვიანი ადამიანები უყვარდათ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ...
როგორც დღევანდელი აქცია და პარტიების გაცხადებული პოზიცია მიუთითებს, ოპოზიცია პროცესების რადიკალიზაციის გზით აპირებს სვლას.
სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპელი დემოკრატები“ არც შევლენ პარლამენტში, ასევე „პატრიოტთა ალიანსი“...
მმართველი ძალა კი, სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ დეკადაში აპირებს შეკრებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბიუჯეტი დასამტკიცებელია, ხელფასები - გასაცემი, ამაზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა - ოპოზიციას.
ამასობაში ექსპერტმა მინდია უგრეხელიძემ ხელისუფლებას გამოსავალი უპოვა. პარლამენტის რიგგარეშე შეკრება, 76 ხმით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და „ნაცებისა“ და „პატრიოტების“, ასევე „ევროპელი დემოკრატების“ მანდატების სხვა პარტიებზე გადანაწილება. ეს ვერსია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა. მისი თქმით, ძალიან საინტერესო იქნება 6-პარტიისაგან დაკომპლექტებული პარლამენტი და თუ ოპოზიცია გაჯიქდა - მთავრობახ კი. ანუ ხელისუფლებამ შესაძლოა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“, „ლელოს“ და „მოქალაქეებს“ მინისტრის პორტფელებიც შესთავაზოს.
პარლამენტი და უმრავლესობა დეკემბერში მაინც აპირებს შეკრებას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციას ერთად ან ცალ-ცალკე. თუკი ხელისუფლება ერთ პარტიას მაინც დაითანხმებს და კოალიციურს
მიმსგავსებულ მოდელს შექმნის, დასავლეთიც კმაყოფილი იქნება,რუსეთიც და უახლოესი სამეზობლო. მშვენივრად იციან თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მიშა ხალხს აღარ უნდა და დასავლეთში ხაზი აქვს გადასმული.
ოპოზიციამ რეალური ალტერნატივა ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ასე რომ, ეხლა არა სამოქალაქო დაპირისპირების და აქციების, არამედ გონიერების, კრიზისის დაძლევის და უკეთესი ძალის შექმნისთვის მზადების დროა.
რას იზამ, როგორც ამბობენ, უღელტეხილზე ცხენებს არ ცვლიან. თუმცა უკეთესი ცვლილებების დროც მოვა...