თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საოლქო კომისიების შენობებთან პროტესტს აგრძელებენ -ამჯერად ეპიცენტრი იყო ზუგდიდში, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვა და იქ მეორე ტური გაიმართება.
რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა საოლქო კომისიის შენობასთან ტრადიციული ლოზუნგებით - „ხმების ქურდები“, „გამყალბებლები“. მათ კომისიის შენობაზე სტიკერები გააკრეს.
თბილისისგან განსხვავებით, ზუგდიდის აქციამ მშვიდად ჩაიარა - პროტესტის შემდეგ ოპოზიციონერები დაიშალნენ, თუმცა პირობა დადეს, რომ შეუერთდებიან აქციებს, რომლებიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.