მსოფლიო დღეს

აშშ-ის უდიდესი მედიასაშუალებები: ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოიგო არჩევნები. მისი მეტოქე დონალდ ტრამპი მას არ ეთანხმება
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებს იგებს, ასეთი პროგნოზები გააკეთეს CNN-მა, NBC-მა და სააგენტომ AP თავიანთ გათვლებზე დაყრდნობით. ამის შესახებ РИА Новости იუწყება.

მათი მონაცემებით, არჩევისთვის საჭირო ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მან უკვე დააგროვა.

თავად ბაიდენმა არჩევნებზე თავისი მოგების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

„ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი დიადი ქვეყნის ლიდერად მე ამირჩიეთ“, - ნათქვამია პოლიტიკოსის განცხადებაში.

ოფიციალურად ხმების დათვლა არ დასრულებულა პენსილვანიასა და რამდენიმე სხვა შტატში. ეს იმას უკავშირდება, რომ ბევრმა ამომრჩეველმა ხმა წინასწარ მისცა და ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა. ამასთან, ბაიდენს არჩევნებზე გამარჯვებას უკვე მსოფლიო პოლიტიკოსები ულოცავენ.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ მიღებულ ხმებს უკანონოს უწოდებს და დემოკრატებს „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში ადანაშაულებს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - ვიდეო

მედიაში გამოქვეყნებულ პროგნოზების კომენტირებისას მან განაცხადა, რომ ბაიდენი არცერთ შტატში ოფიციალურად არ დაუმტკიცებიათ. ის ასევე ირწმუნება, რომ მისი მეტოქე აპირებს დათვალოს ყველა ხმა, თაღლითურად მიცემული ხმების ჩათვლით.

„მე არ გავჩერდები, სანამ ამერიკელი ხალხი არ მიიღებს ხმების პატიოსან დათვლას, ისეთს, რომელსაც ის იმსახურებს და დემოკრატია მოითხოვს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პირობა დადო, რომ თავის სიმართლეს სასამართლოში დაიცავს.

არჩევის შემთხვევაში ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში რიგით 46-ე და ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.