ვინ უზრუნველყოფს ქუჩასა და ტრანსპორტში პირბადის სწორად ტარებასა და სოციალურ დისტანციას

შსს-ს მიერ გაკონტროლდება თბილისის ყველა მეტროსადგურის ჩასასვლელი. სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ასევე მონიტორინგს გაუწევს ბაზრობების ტერიტორიას.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრომ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესების აღსრულების მიზნით მიიღო.

უწყების ცნობით, პატრულ ინსპექტორები მობილიზებულები არიან თბილისში არსებულ მეტროსადგურებთან და .კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეების მიერ მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

თბილისის მერია: მეტროს სადგურებში მგზავრთა დაშვება შეიზღუდება
„სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ“,  - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულო გახდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 775-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 51993-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.