თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და ვირუსის გავრცელების უპრეცედენტო სტატისტიკა შემაშფოთებელია, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს – 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე – ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ბოლო დღეების მონაცემებით კი დღიურმა მაჩვენებელმა 2 ათასს გადააჭარბა – 5 ნოემბერს კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2401-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.
კულუმბეგოვის თქმით, შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ახალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება აუცილებელია.
„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა დღეს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობის წინაშე დგას და ეს აუცილებლად დროულად უნდა განხორციელდეს, რათა არ მოხდეს ინფექციის მასიური გავრცელება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებმა, შესაძლოა, ქვეყანაში ეპიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.
ვიცე-პრემიერი: გამოხატვის თავისუფლებას არავინ კრძალავს, ოღონდ სხვას ნუ ავნებთ>>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ–სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადაიხედება.
„ზოგადად, სიტუაცია საგანგაშოა. ინფიცირების ზრდა რაღაც ეტაპამდე იყო მართვადი, მაგრამ ულიმიტო შესაძლებლობები და რესურსები ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომაც უმორჩილესად ვთხოვ საზოგადოებას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი თავყრილობებისგან და დაიცვან რეგულაციები“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 49218-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელდა 33 459 ადამიანი, გარდაიცვალა 401 პაციენტი.
საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის ლიდერები ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.