რა შემთხვევაში ექნება არჩევნების მეორე ტურის გამართვას აზრი? „გირჩის" შეთავაზება

„პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ერთ-ერთია იმ ცხრა პოლიტიკური სუბიექტიდან, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ვადამდელი არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი მძიმე ნაბიჯია, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ იძულებით გადადგას, განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისი განმარტებით, საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ხელისუფლებამ რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უნდა იზრუნოს. 

ოპოზიცია შედეგის მძევალია: ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე

„ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელმაც პოლიტიკური ტემპერატურა ვერ დაწია. მთლიანი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში ცხრა პარტიიდან არც ერთი არ შედის. ადამიანების მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა ხელჩართული პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლის ბედი აუცილებლად მეორე ტურში გადაწყდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისთვის ყველაზე უარესი არჩევნები ჩაატარა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, 8 ნოემბრს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა, პროცესი უნდა დაიწყოს არჩევნების შედეგების იმგვარად ჩასწორებით, რომ მეორე ტურში გადაწყდეს – ვინ დარჩება და ვინ წავა ხელისუფლებიდან, დასძინა მან.

„ყველას ვთავაზობთ გამოსავალს: ისე ჩავასწოროთ შედეგები, რომ მეორე ტურის გამართვას ჰქონდეს აზრი. თუ მეორე ტურს ჩავატარებთ წესიერად, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ერთ-ერთია იმ ცხრა პოლიტიკური სუბიექტიდან, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდა. მან ამომრჩეველთა ხმების 2,89% მიიღო (პროპორციული სიით). 

ცესკო: გადათვლის შედეგად რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.