თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საბავშვო ბაღის დაცვის თანამშრომელმა მესამე სართულიდან გადმომხტარი აღსაზრდელი ხელით დაიჭირა და სიკვდილს გადაარჩინა, იუწყება Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის შანდუნის პროვინციაში მოხდა.
როგორც ირკვევა, საპირფარეშოში შესულ ბიჭუნას კარი ჩაეკეტა და ვეღარ შეძლო მისი გაღება. მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელები ამშვიდებდნენ, შეშინებულმა ბავშვმა ფანჯრიდან გადაწყვიტა ჩაკეტილი სივრციდან გასვლა. მან ყური არ უგდო პედაგოგების თხოვნას და მესამე სართულიდან გადახტა.
საბედნიეროდ, შენობის ძირში დაცვის თანამშრომელი იდგა, რომელიც ასევე სთხოვდა ბავშვს, ჩასულიყო ფანჯრის რაფიდან და კარის გაღებას დალოდებოდა. მან ხელები შეაშველა გადმომხტარ ბიჭუნას და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ხელიდან გაუსრიალდა, ამით მაინც შეასუსტა ვარდნის სიჩქარე და დარტყმის ძალა.
ბიჭუნა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას შუბლის ძვლის უმნიშვნელო მოტეხილობა დაუდგინდა. ამ დროისათვის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებს.