ბრძოლა COVID-19-თან: უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი მკაცრდება

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს დაჟინებით სთხოვენ ხუთი ძირითადი წესის დაცვას: ატარონ პირბადე ყველგან, ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან სოციალური დისტანცია, არ შეიკრიბოს ათზე მეტი ადამიანი და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, პოლიცია აქტიურ რეჟიმში აკონტროლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების დაცვის მიზნით.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პატრულ–ინსპექტორები თბილისის მეტროს ყველა სადგურთან არიან მობილიზებული. ისინი აკონტროლებენ დადგენილი წესების დაცვას, მათ შორის – პირბადის სწორად ტარებას.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის აქტიური პატრულირება მიმდინარეობს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც.

კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მკაცრი კონტროლი გრძელდება

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20 ლარის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.

ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს დაჟინებით სთხოვენ ხუთი ძირითადი წესის დაცვას: ატარონ პირბადე ყველგან, ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან სოციალური დისტანცია, არ შეიკრიბოს ათზე მეტი ადამიანი და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. იმ შემთხვევაში, თუ დახურულ სივრცეში მცირე შეკრება იმართება (მაქსიმუმ ექვსი ადამიანი), აუცილებელია მისი ხშირად განიავება.

ბოლო პერიოდში ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში საკმაოდ დამძიმდა. ყოველდღიურად ვლინდებოდა ინფიცირების 2 ათასამდე შემთხვევა, გუშინ კი 2,2 ათასზე მეტი დაფიქსირდა. ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 46.8 ათასს მიაღწია.