მთავრობის შემდეგ კორონავირუსმა ოპოზიციაშიც შეაღწია: ინფიცირებულია სალომე სამადაშვილი

ბოლო დღეებში კორონავირუსი რამდენიმე პოლიტიკოსს დაუდასტურდა. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში“, – დაწერა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ბლოკის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიის მერვე ნომრად იყო წარდგენილი. ის ასევე საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია.

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსი რამდენიმე პოლიტიკოსს დაუდასტურდა. მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს. კოვიდ-ინფექცია გუშინ გამოუვლინდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასაც.

ისინი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ბოლო ორ თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს 26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა რაოდენობა მთლიანობაში 1500-ს არ აჭარბებდა. ამჟამად კი 1500–2000 ათასის ფარგლებში უკვე ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მერყეობს, ბოლო დღე-ღამეში კი 2 ათასსაც გადააჭარბა – კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2295-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია.