თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასამართლო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვიზიტებისგან და გამოიყენონ უფასო დისტანციური ელექტრონული სერვისები
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. კორონავირუსული ინფექცია თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა, აღნიშნულია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო მოქალაქეებს სთხოვენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სასამართლოში ვიზიტებისგან.

„მოვუწოდებთ სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით სასამართლოში ვიზიტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლო მოქალაქეებს სთხოვს, გამოიყენონ უფასო დისტანციური სერვისები.

საქმის რეგისტრაციის სერვისები ხელმისაწვდომია ელექტრონულ მისამართზე: http://www.ecourt.ge

საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემების ელექტრონული მისამართები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://ecd.court.ge

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის პაციენტი მკურნალობს

ელექტრონულად განცხადების წარდგენა შესაძლებელია სამუშაო დღეებსა და საათებში ელექტრონული ფოსტის ამ მისამართზე: tccinfo@court.ge

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2 295-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 46817-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 31 170 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში – 2 537), გარდაიცვალა – 381.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.