ვაშაძე: „ოცნებასთან“ მოლაპარაკებები შეიძლება, მაგრამ ნდობა ნულის ტოლია

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მზადაა მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

თამარ ჟვანია: არჩევნების მეორე ტური ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიებმა და, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ერთმანდატიან ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.

გუშინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის შემდეგ ვაშაძემ მონაწილეობა მიიღო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“. წამყვანის კითხვაზე, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთხელ უკვე მიაღწიეს კონსენსუსს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით 2020 წლის არჩევნების სისტემის საკითხზე და შესაძლებელია თუ არა ასეთივე მოდელის ხილვა, ვაშაძემ უპასუხა:

„რატომაც არა, სხვა რესურსი ნებისმიერი მოლაპარაკების არც არსებობს. ჩვენ ამაზე ოპოზიციაში საერთო ჯამში ჩამოვყალიბდებით, სავარაუდოდ, ეს მექანიზმი შესაძლებელია. სხვა გამოსავალი არც არის, პირდაპირ რომ ვთქვათ. დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური საუბრები გვაქვს, ისინიც ფიქრობენ, რომ გარკვეული მოდელი, ფორმატი შესაქმნელია უკვე, რომელიც ამ ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას მეორე მხარის მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანია და ისინი ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებებს; აქვთ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან და მათი შუამდგომლობით შეიძლება რამე სახის ფორმატის დაწყება.

ოპოზიციის ბოიკოტი: უარი პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 31 ოქტომბერს აირჩიეს. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა. ხმების უმრავლესობა – 48,15% მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

პროტესტის ნიშნად პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“ – ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და თავიანთ მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი შედეგების გაუქმებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩევლები 120 დეპუტატს პარტიული სიებით, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით ირჩევდნენ.