მსოფლიო დღეს

ტერაქტი ავსტრიაში: დაკავებულია 14 ადამიანი

ავსტრიის შსს-ში თვითმხილველთა ვიდეოები შეისწავლეს და გამოიტანეს შუალედური დასკვნა, რომ ტერორისტი მარტო მოქმედებდა.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიის პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა და 18 ჩხრეკა ჩაატარა ვენაში მომხდარი თავდასხმების სერიის შემდეგ, იუწყება РИА Новости ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ ყველა დაკავებული პირი ტერორისტის გარემოცვიდანაა. მიმდინარეობს მათი დაკითხვები.

ზურაბიშვილი ვენის ტერაქტზე: დავდგეთ ერთად ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ

2 ნოემბერს უცნობების ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმების სერია მოაწყო ვენაში. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ერთ-ერთი თავდამსხმელის ჩათვლით.

ვენის ბურგომისტრმა მიხაელ ლუდვიგმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ათი ადამიანი გაეწერა.

ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული აქტის შეფასება მისცა. ცნობილია, რომ ლიკვიდირებული თავდამსხმელი იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, იხდიდა სასჯელს სირიელ ბოევიკებთან თანამშრომლობის გამო, თუმცა ვადამდე გათავისუფლდა, რადგან ახალგაზრდულ საქმეთა სასამართლოს შესახებ კანონით გათვალისწინებული პრივილეგიები შეეხო. ავსტრიულის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეობას ფლობდა.

ცნობილია, რომ ძალოვანები ბოროტმოქმედის თანამზრახველებს ეძებენ. ამავე დროს ავსტრიის შსს-ში თვითმხილველთა ვიდეოები შეისწავლეს და გამოიტანეს შუალედური დასკვნა, რომ ტერორისტი მარტო მოქმედებდა.