საწოლების რაოდენობა საქართველოში შეიძლება გაიზარდოს

საავადმყოფოებში ყოველდღიურად რეალურად არის თავისუფალი 200-დან 500-მდე საწოლი და ჰოსპიტალური სექტორი მზადაა მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტების მისაღებად.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისათვის მობილიზებულია 5 ათასი საწოლი, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მათი რიცხვი გაიზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ.

საქართველოში ეპიდემიური ვითარება კვლავ რთულია. ყოველდღიურად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1500-დან 2000-მდე შემთხვევა ვლინდება, საგანგაშოა სიკვდილიანობის სტატისტიკაც. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ინფიცირებულებს შორის მატულობს მედიკოსთა რიცხვიც, რომელთა მხრებზეც გადის ვირუსთან ბრძოლის ძირითადი ტვირთი.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 1678 მედიკოსი დაინფიცირდა

ადამიას განცხადებით, პაციენტების რაოდენობის მატების გამო უახლოეს დღეებში საწოლების რაოდენობა შეიძლება 7 ათასამდე გაიზარდოს.

„ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია თითქმის 5 ათასი საწოლი და ასევე საჭიროების შემთხვევაში გააქტიურების გეგმაც გვაქვს. 7 ათას საწოლამდე შეიძლება გავზარდოთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ადამიამ.

მისი თქმით, რეალურად თავისუფალი 200-დან 500-მდე ადგილი დღესაც არის. ადამიამ აღნიშნა, რომ პაციენტების უმრავლესობას ინფიცირების მსუბუქი ფორმა აღენიშნება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

„კლინიკას საჭიროებს მძიმე ფორმის, საშუალო მიმდინარეობის სიმძიმის კოვიდის მქონე, რომელსაც შეიძლება შესაძლო გართულების რისკი ჰქონდეს“, – განაცხადა ადამიამ.

საქართველოში კორონავირუსით სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა>>

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების 42 579 (გუშინდელი მონაცემები) შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 26 800, გარდაიცვალა 342 ადამიანი.

ამ დროისთვის არის 15 411 აქტიური შემთხვევა. მძიმე პაციენტია 519, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 230 ადამიანი.