არის თუ არა ეს ასე და რამდენად მოახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დარწმუნებას, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს? ესაა კითხვა, რომელიც დღეს ოპოზიციის მომხრეებს აქვთ.
ძველ ზღაპარს თუ გავიხსენებთ, რომლის მიხედვითაც სიკეთის საპოვნელად მიმავალი უმცროსი უფლისწულები მუდმივად გზაჯვარედინზე დგანან და ფიქრობენ, რომელი გზა აირჩიონ, ქართულ დემოკრატიასაც ახლა სამი გზა აქვს და ჩნდება კითხვა – რომელს აირჩევს...
მოვლენების განვითარების ვერსია N1: სასურველი, მაგრამ ნაკლებად რეალური გზა – ხელისუფლება და ოპოზიცია მეტ-ნაკლებად მშვიდად შეეგუება იმ შედეგს, რაც დადგა. ივაჭრებენ, „ნაციონალებს“ კიდევ რამდენიმე მანდატს წაუმატებენ და ამით დასრულდება ყველაფერი. საქმეში უცხოელი დიპლომატები ჩაერევიან, მოდავე მხარეებს შეხვდებიან, ოპოზიცია პარლამენტში შევა და მელია–კობახიძის მარადიული დავა კაბინეტებსა და ტრიბუნებზე გადაინაცვლებს.
სხვათა შორის, ბოლო პოსტში სწორედ პარლამენტში შესვლას და იქ ოპონირებას ურჩევს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოპოზიციას, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „ნაციონალებს“, „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“ და „გირჩს“, ასევე „მოქალაქეებს“, „აღმშენებლებსა“ და ერთ შალვა ნათელაშვილს იმაზე მეტი სპიკერი ჰყავთ, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუმცა ამ იდეას ისეთი აგრესიით გამოეპასუხა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, რომ, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კვლავ აქტიურად განიხილება ქუჩის აქციებისა და ხალხის გამოყვანის გეგმა. ის კი არადა, დღეს ისინი ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომ ყველა პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე ამ არჩევნების შედეგების მიხედვით.
მოვლენების განვითარების მეორე და არანაკლებ რეალური გზაა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ხელისუფლების იძულება, ჩაატაროს შედარებით სამართლიანი არჩევნები. ეს არცაა გამორიცხული, თუ ოპოზიცია შეძლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლების წინაშე დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაუყალბეს. ამ არჩევნებზე რომ დარღვევები იყო, თანაც სერიოზული, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციასაც სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ წიაღში. რეალურად, ვერავინ შეძლო დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ მას შეუძლია იტვირთოს ხელისუფლება. 5%-იანი ბარიერის პირობებში პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდნენ და ასე გაგრძელდებოდა მუდმივად. ამაზე სწორად შენიშნა არჩევნებში აქტიურად ჩაბმულმა თამარ ჩერგოლეიშვილმა: „ბიძინამ კი იყიდა ხალხი, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთეთ, რომ არ გაყიდულიყვნენ, გვქონდა კი მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს კოორდინატორებთან და დამკვირვებლებთან?!“
წავა თუ არა ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე? ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს მოხერხდეს სერიოზული საგარეო და საშინაო ზეწოლის გარეშე. ფაქტი ისაა, რომ დღეისათვის ხელისუფლებას 61 მანდატი აქვს პროპორციული სიით, 14 კი მაჟორიტარულით. გასაკვირი არ იქნება, თუ დარჩენილი 16 მაჟორიტარული ოლქიდანაც უმეტესობას, თუ ყველას არა, ისევ ხელისუფლება მოიგებს (მით უმეტეს, თუ ოპოზიცია უარს იტყვის მონაწილეობაზე). მოგეხსენებათ, მეორე ტურის დროს ადმინისტრაციული რესურსიც მობილიზებულია და ფინანსურიც, თუმცა დემოკრატიის ნიშანწყალის დასატოვებლად ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, ერთი-ორი ოლქი ოპოზიციასაც მოეგო. ობიექტურადაც არსებობს ამისი წინაპირობები ზოგიერთ ოლქში, თუმცა იმ რიტორიკას თუ გადავხედავთ, რაც პოლიტიკურ დისკუსიაში გამოიყენება, ნაკლებად სავარაუდოა, ამ მხრივ რაიმე კარგი მოხდეს.
ანუ 75 მანდატს „ქართული ოცნება“ 21 ნოემბერს კიდევ 10 მანდატს მაინც მიამატებს და საბოლოო 76 ხმით (ახალი ფორმულით „ოცნება“ მეტს ვერ მიიღებს) უპრობლემოდ მოხდება პარლამენტის ლეგიტიმურობის ცნობა. ამის შემდეგ ძნელი დასაჯერებელია, ხელისუფლებამ იდარდოს, შევა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“. საკონსტიტუციო ცვლილებები ივანიშვილის მთავრობას უკვე აღარ სჭირდება, ხოლო ორგანული კანონები 76 ხმით მარტივად მიიღება. ასე რომ, ხელისუფლება უპრობლემოდ გააგრძელებს ქვეყნის მართვას და კორონავირუსთან ბრძოლას პანდემიის პირობებში. მით უმეტეს, დასავლეთის რეაქცია ამ არჩევნებზე იყო კრიტიკული, მაგრამ არა მკვეთრად უარყოფითი, რომ ამას რაიმე შეეცვალა.
მოვლენების განვითარების მესამე, სააკაშვილის საოცნებო ვერსიაა - გიორგობას თავისუფლების მოედანზე შეხვდეს. ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში დღეს რევოლუციის პოტენციალი არ არის და ტყუილად ოცნებობს სააკაშვილი – 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ძეგლთან იზეიმოს გამარჯვება.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა თუ არა, მან ობიექტურად მაინც გადალახა 40% და მოიპოვა მთავრობის წარდგენის უფლება, რომელსაც ასეთივე წარმატებით დაამტკიცებს მისი 76 დეპუტატი. ასევე არსად არ წერია, რომ თუ პარლამენტში 100 დეპუტატი არ ივლის, ეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობაა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ მრავალპარტიულ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ რეალურად საქართველოში არც საშუალო ფენა არსებობს, არც მესამე ძალა და არც ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება.
სავარაუდოა, რომ დაძაბულობა ქუჩაში მთელი ნოემბერი გასტანს, თუმცა, იმედია, პარტიები როგორც მმართველი ძალის, ასევე საკუთარ შეცდომებზეც დაფიქრდებიან და ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადებიან, როდესაც მართლაც გაჩნდება „ქვემოდან“ ხელისუფლების შეცვლის შანსი. თუმცა ამისთვის რეიტინგული, წარმატებული ადამიანების შეკრებაა საჭირო და დიდი ფინანსური რესურსისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას