კორონავირუსმა საქართველოს მთავრობაში შეაღწია: ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიმართავს

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ, თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადასული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილს. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებმა კონტაქტების დეტალური კვლევა ჩაატარეს, გარდა ამისა, ყველა თანამშრომელს მითითება მიეცა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. შედგენილია კონკრეტული სია, რომლის თანახმად, გეგმურად მოხდება პერსონალის ტესტირება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ბოლო ორ თვეში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარება. თუ კორონავირუსის პირველი ტალღა (26 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1500-ს არ აჭარბებდა) ქვეყანამ მშვიდად გადაიტანა, ახლა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს აღწევს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, გარდაიცვალა 362. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, სამიდან ხუთ ათასამდე მიაღწიოს.