შეიზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

ამჟამად საქართველოს მთავრობა „ლოკდაუნის“ შესახებ საკითხს არ განიხილავს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა, საქართველოში საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა ჯერჯერობით არ იგეგმება, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება

ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად რიგი ახალი წესები შემოიღო. კერძოდ, პირბადის ტარება აუცილებელი ხდება გარე სივრცეშიც, რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო სკოლები დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.

„ინფექციის გავრცელების დღევანდელი ჩვენი კოეფიციენტი არის 1,38. ამ დროისათვის არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები გვექნება. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე, მაგრამ არანაირ ლოკდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი საბჭოზე არ გვქონია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1943-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44522-ს მიაღწია. სულ კორონავირუსის გამო გარდაიცვალა 362 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში – 20. გამოჯანმრთელდა 28633 პაციენტი.