მსოფლიო დღეს

მოლდოვამ პრეზიდენტი ვერ აირჩია: საჭიროა მეორე ტური

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძოდა.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო ოქმების 99,02% დაამუშავა, იუწყება „Sputnik–მოლდოვა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერობს ორი კანდიდატი — მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) კანდიდატი მაია სანდუ.

წინასწარი მონაცემებით, სანდუს ხმათა 35,42% აქვს მიღებული, ხოლო დოდონს ამომრჩეველთა 33,16%-მა მისცა ხმა.

ეს ორი კანდიდატი მეორე ტურში გადავიდა, ვინაიდან ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოგროვება. მეორე ტური მოლდოვაში 15 ნოემბრისთვისაა დანიშნული.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობის მაჩვენებელმა 42,76%, ანუ 1 214 757 ამომრჩეველი შეადგინა. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძოდა.   

მოლდოვის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩევა ოთხი წლის ვადით და მოვალეობის შესრულებას ფიცის დადების მომენტიდან იწყებს. პრეზიდენტი შეუძლია გახდეს მოლდოვის ნებისმიერი 40 წელს მიღწეული მოქალაქე, რომელსაც აქვს საარჩევნო უფლება, ცხოვრობს ან ცხოვრობდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ ათი წლის მანძილზე და ფლობს სახელმწიფო ენას.