თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. რადიკალებმა „ქართული მარშიდან“ საქართველოს მმართველი პარტიის ოფისთან აქცია გამართეს და „ოცნებას“ ბრალი დასდეს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში.
რამდენიმე ათეულმა ულტრანაციონალისტმა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო ლოზუნგით „ჩვენ საქართველოს არავის დავუთმობთ“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „საქართველოში ეროვნული აზრი არ მოკვდება“, „ჩვენ მერაბისა და ზვიადის გზას ვიცავთ“.
ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა მარშმა“ საპარლამენტო არჩევნებზე სულ 0,25% მოაგროვა და, შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩა.
„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ნება მოიპირა“, - განაცხადა მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ირაკლი შიხიაშვილმა.
პარტიის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ კი კვირის ბოლოდან შიმშილობის მასობრივი აქციები და პიკეტები დააანონსა.
„ჩვენ, „ქართული მარში“, გიცხადეთ სრულ უნდობლობას და კვირის ბოლოდან მასობრივი შიმშილობის დაწყებას ვაანონსებთ“, - განაცხადა ბრეგაძემ და პირობა დადო, რომ აქციები არჩევნების შედეგების ანულირებამდე გაგრძელდება.
„ქართული მარში“ პროტესტს გაერთიანებული ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ატარებს. დანარჩენი ოპოზიცია იკრიბება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.