„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ელგუჯა ბაგრატიონმა. 

არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში: ცნობილია წინასწარი შედეგები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.

„საპარლამენტო არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას, დარღვეულია ამომრჩეველთა მთავარი კონსტიტუციური უფლება... ჩვენს მხარდამჭერებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე“, – განაცხადა ბაგრატიონმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა 3 ნოემბრიდან აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გამართვა დაანონსა და მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46,2% მიიღო, „ნაცმოძრაობამ“ – 33,9%.