თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. კახა ოქრიაშვილს, რომელიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობის კურსს სახლში გადის.
„კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა COVID-19, ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას“, – დაიწერა სოციალურ ქსელში ოქრიაშვილის გვერდზე.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კახა ოქრიაშვილმა სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 39,51% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოგი მეშველიანმა კი 55,43%.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42579-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი, გარდაიცვალა – 342, კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 236 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.