თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეიესუსი კარანტინზე გადავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად გებრეიესუსმა გაავრცელა.
„დადგინდა, რომ კონტაქტი მქონდა ვიღაცასთან, ვისმა ტესტმაც COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითიზოლაციაზე ვიქნები ჯანმოს პროტოკოლის შესაბამისად, და სახლიდან ვიმუშავებ“, — დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.
ამასთან ჯანმოს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა რეკომენდაციის დაცვის აუცილებლობას.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 509 820 კაცს აღწევს. აქედან გარდაიცვალა 1 200 366 და განიკურნა 31 078 841 პაციენტი.