გამყრელიძე: თავი შეიკავეთ დიდი თავყრილობებისგან, ეს ეპიდაფეთქების წყაროა

ინფექცია უკან არ იხევს და ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, ერთადერთი იარაღია პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება, განაცხადა ეპიდემიოლოგმა
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ეპიდემიოლოგები უახლოეს მომავალში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდას ვარაუდობენ და მოუწოდებენ მოსახლეობას, შეასრულოს ის წესები, რომლებიც ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად განისაზღვრა, ერთ-ერთი მათგანია დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოჩართვის დროს კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას იმ წესების შესახებ, რომლებიც ყველამ უნდა შეასრულოს.

ოპოზიციის ბოიკოტი: უარი პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე

ამჟამად ეპიდემიოლოგები ხუთი წესის დაცვას ითხოვენ: პირბადის ტარებას ყველგან, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვას, ხელების ხშირ დაბანას და ზოგადი სანიტარული წესების დაცვას, ხელების ხშირ დამუშავებას სადეზინფექციო ხსნარით. მეოთხე - თუ მცირე შეკრება (მაქსიმუმ 6-10 ადამიანი) ეწყობა დახურულ სივრცეში, ის ხშირად უნდა განიავდეს.

„მეხუთე რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო, სადღესასწაულო, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ შეახსენა მოსახლეობას, რომ ამჟამინდელი ეპიდაფეთქება სწორედ დიდმა თავშეყრებმა გამოიწვია, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.

„უმორჩილესად გთხოვთ, ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ღონისძიება რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ოპოზიცია „გრანდიოზულ მსვლელობას" აანონსებს

ქართული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და რამდენიმე პარტიის ლიდერებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მონაწილეობა მასშტაბურ აქციაში მიიღეს. ოპოზიციამ ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა. მათი თქმით, ცესკომ ხელისუფლების მიერ შეკვეთილი რიცხვები გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უარს აცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მორიგი მასშტაბური აქცია 8 ნოემბერს ჩატარდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი.

ამ დროისათვის საქართველოში 14 411 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტების რაოდენობა 519-ს შეადგენს, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 230 ადამიანი ჩართული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 342 ადამიანი ემსხვერპლა.