ერევანი ბაქოსგან სომეხი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ერევანმა ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ შუალედური ზომების მიღება სთხოვა
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სომხეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის მხრიდან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინა, იუწყება Sputnik-სომხეთი ევროპულ სასამართლოში ქვეყნის წარმომადგენლობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ალიევი: ურთიერთობები საქართველოსთან აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება >>

ადრე ერევანმა გამოხატა მზადყოფნა, დაეცვა შეთანხმება ჰუმანიტარული ზავის შესახებ, რომელიც მხარეებმა ოქტომბერში დადეს, რათა ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაეცვალათ.

ალიევმა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა დაასახელა

იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ტყვეების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მთავრობამ ევროპულ სასამართლოს სთხოვა, აზერბაიჯანის მიმართ შემდეგი შუალედური ზომები გამოიყენოს.

1. კონვენციის, ასევე 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის მესამე და მეოთხე კონვენციის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა მოქმედი წესის თანახმად, უარი თქვან:

  • დამცირებაზე, წამებაზე, სიკვდილით დასჯაზე, სხვა აკრძალულ ქცევაზე მათთან მოხვედრილი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ.
  • დაღუპული სომეხი სამხედროების ცხედრების შებღალვაზე.

2. წარმოადგინონ მონაცემები სამხედრო ტყვეებზე, მათ სახელებზე, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ოქტომბრის დასაწყისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთის მთავრობისგან მიიღო განაცხადი მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თურქეთის მიმართ შუალედური ზომების მიღების თაობაზე. სომხეთმა სასამართლოს მიმართა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სირიელი და ლიბიელი ბოევიკების გადასროლის შესახებ მიღებული ცნობების საფუძველზე. სასამართლომ 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დაადასტურა და პირდაპირ ან ირიბად კონფლიქტში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, თურქეთს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ევროპული კონვენციით გათვალისწინებული, სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დარღვევისგან.

კონფლიქტი ყარაბაღში: ალიევი და ფაშინიანი ახალ განცხადებებს ავრცელებენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა.

ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც კვლავ ერთმანეთს დასდეს ბრალი. მესამე და კვლავ წარუმატებელი მცდელობა მხარეებს 26 ოქტომბერს ჰქონდათ.