თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და შემაჯამებელ სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ.
ოცამდე ადამიანი ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი კომისიის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. „ლეიბორისტები“ ამტკიცებენ, რომ კომისიის წევრები შედეგების გაყალბებას ცდილობენ.
„აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ პასუხობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ მიხეილ ქუმსიშვილმა.
ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა. ზეწოლის შედეგად ოპოზიციონერებმა დაცვის კორდონის გარღვევა შეძლეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ ისინი ისევ გარეთ გაიყვანა.
დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან სამი პირი გაიყვანეს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.