თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულების არსებობაზე მეტად სხვა საკითხი მაღელვებს — ეს ტესტების საკითხია, განაცხადა ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა, უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ Украина.ру-სთან ინტერვიუში.
როგორც ირკვევა, ექიმს COVID-19-ის ტესტების ხარისხი აეჭვებს და ამბობს, რომ „ტესტები წარმატებულ ბიზნეს-მოდელად“ იქცა.
კომაროვსკის თქმით, ყველაზე მეტად მას ის ვითარება აშინებს, რომ კორონავირუსის მკაფიოდ გამოხატული კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანებს ტესტები უარყოფით პასუხს აძლევს. ამასთან არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს ინფექციის არანაირი გამოვლინება არ აღენიშნება, თუმცა ერთი ლაბორატორიის ტესტი ანტისხეულების მაღალ დონეს აჩვენებს, მეორე ლაბორატორიისა – ნულოვანს.
„აი, ეს საკითხი უფრო მეტად მაღელვებს, ვიდრე ავადმყოფობაგადატანილის ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა“, — ამბობს კომაროვსკი.
მანამდე ექიმმა განაცხადა, რომ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია და „ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრი“.