არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდებიან

დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც თბილისის დანარჩენ შვიდ ოლქში, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი  - Sputnik. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები - გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდებიან. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ცესკო-მ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით მონაცემები შეცვალა.

ეს იყო ევროპული არჩევნები და ეს ყველას გამარჯვებაა: პრეზიდენტი არჩევნებს აფასებს

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 104-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შედეგად, 20,99 %-იანი მხარდაჭერით (14 438 ხმა) მეორე ადგილზე ოპოზიციონერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ 9 ხმით (14 429 ხმა, 20,97 % ) უსწრებდა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს. 

ახალი მონაცემებით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გია ვოლსკი გავიდა, რომელსაც ამომრჩეველთა 42,76 %-მა დაუჭირა მხარი, ზურაბ ჯაფარიძემ 21,09 % (14529 ხმა) მიიღო, ანა დოლიძემ კი 20,96 % (14438 ხმა).

დიდუბე-ჩუღურეთში, ისევე როგორც თბილისის დანარჩენ შვიდ ოლქში, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.