ეს იყო ევროპული არჩევნები და ეს ყველას გამარჯვებაა: პრეზიდენტი არჩევნებს აფასებს

პრეზიდენტის თქმით, გუშინდელი არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში მთავრდება
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა ევროპული არჩევნები — მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული, ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

„ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა, ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა“, — წერს პრეზიდენტი.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი მადლობას უხდის სამართალდამცველებს — რომლებიც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას იცავდნენ, და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

კოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და დაიწყოს მოქმედება

 

ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად მისთვის უცხოელი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება ძალიან საამაყოა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველოში არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

  • „გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს“, — მიაჩნია პრეზიდენტს.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება“.