რა მოხდება, თუ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე თუ უარი განაცხადა, ამას მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი მნიშვნელობა ექნება, განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

კოქსი: მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს და დაიწყოს მოქმედება>>>

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან ცესკოს მონაცემებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

ოპოზიცია „გრანდიოზულ მსვლელობას" აანონსებს
 

როგორც მენაბდე განმარტავს, მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა – საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

„უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს საბოლოოდ დაიჭერს თუ არა დეპუტატის ადგილს. ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნველობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს, "- წერს ვახუშტი მენაბდე საკუთარ Facebook–გვერდზე. 

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა. მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 97%–ის (პროპორციული სიები) დათვლის შედეგად, ლიდერობს „ქართული ოცნება“ – მმართველმა პარტიამ ხმების 48,05% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს.