„ნახვამდის...“ - ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა

ნიკა მელიას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუკეთეს. მას 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი, ისინი არ ეთანხმებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, რომლის თანახმად, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების 48%–ზე ოდნავ მეტი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა ძალამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

კვირიკაშვილი: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს ქვეყანას

აქციაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმყოფება, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, ჩვენც ვითხოვთ ახალ არჩევნებს - თავისუფალ გარემოში ჩატარებულს, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება... ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია, ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ უახლოეს დღეებში. აქ დახევა აღარ შეიძლება, აქ დახევა არათუ ღალატის ტოლფასია, ღალატია და ამ ღალატს ჩვენ არ ჩავიდენთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

„მე აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ვიჯდები მე ციხეში, ვიქნები თქვენთან ერთად იმ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის სამაჯურო, აი გადმოვაგდებ და ვინც დაიჭერს... ჩემი ბედი არ გეწიოთ...", - განაცხადა ნიკა მელიამ.
საპროტესტო აქცია პარლამენტთან: ოპოზიციონერი ლიდერები საერთო გეგმას გააჟღერებენ

აღსანიშნავია, რომ გლდანში, სადაც ნიკა მელია მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, მან ამომრჩეველთა ხმების 43,94% მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა – 42,6%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.