სემეკი: დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდის მოახლოების კვალდაკვალ, კომუნალური შერავათების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა
Sputnik

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. დღეიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების პროგრამა ამოქმედდა და ფიზიკური პირები ამ პროგრამით ოთხი თვის განმავლობაში — ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ისარგებლებენ,  იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

მთავრობა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის კომუნალურ ხარჯებს დაფარავს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს ის აბონენტები არ გადაიხდიან, რომლებიც თვეში 200კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ. ამასთან ასეთ აბონენტებს არ შეეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

სემეკის ინფორმაციით, ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონს აღემატება.

გარდა ამისა, სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ ის აბონენტებიც, რომლებიც თვეში 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ასეთი აბონენტების რაოდენობა 650 ათასზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ კომისიის ვებ-გვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა, სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც მთავრობის სუბსიდია ვრცელდება, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად სურთ უარი თქვან აღნიშნული შეღავათით სარგებლობაზე, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ.