ჩხუბი და შეურაცხყოფა: შსს-მ ექვს სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

შსს საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის და შესაბამისი რეაგირების შესახებ
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ექვს ფაქტზე გამოძიება დაიწყო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დაპირებისამებრ, შსს საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევებისა და მათზე რეაგირების შესახებ.

ცაციაშვილის განვცხადებით, შსს-მ მყისიერად დაიწყო გამოძიება მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე. მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება“, — განაცხადა ცაციაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია შემდეგ ფაქტებზე: თბილისის N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ენმ–ს აქტივისტ ზვიად კუპრავას ფიზიკური შეურაცხყოფა; ქუთაისის N37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეიბორისტ ირაკლი კიკვაძის  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; თბილისის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებები.

იარაღი საარჩევნო უბანზე – დამკვირვებლებმა განცხადება გააკეთეს>>

ცაციაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მისივე განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე, ამიტომ უწყება არ დაუშვებს საარჩევნო პროცესი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს 150 დეპუტატს აირჩევენ.