მსოფლიო დღეს

ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა კატასავით კნავილით მიიპყრო მაშველი ძაღლის ყურადღება - ვიდეო

ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ბუსე ჰასილმაზი მაშველებმა 9,5 საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილმა ახალგაზრდა ქალმა ბუსე ჰასილმაზმა მაშველი ძაღლის ყურადღება კატასავით კნავილით მიიპყრო, იუწყება გაზეთი Hurriyet–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუსე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მაშველებს, რომლებთან ერთადაც იმ მომენტში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბექირ ფაქდემერლიც იმყოფებოდა. მინისტრი თავად დაელაპარაკა ახალგაზრდა ქალს, უთხრა, რომ მისი ძებნა გრძელდებოდა და ოპერაციაში მაშველი ძაღლებიც იღებდნენ მონაწილეობას. მაშინ ბუსემ უთხრა მინისტრს, რომ კატასავით დაიწყებდა კნავილს ძაღლების ყურადღების მისაპყრობად. ბექირ ფაქდემერლიმ მოიწონა მისი იდეა და შეაქო კიდეც მორალური სიმტკიცისთვის.

საბოლოოდ ბუსე ჰასილმაზი ნანგრევებიდან 9,5 საათიანი ძებნის შემდეგ მაინც ამოიყვანეს.

პარასკევს, 30 ოქტომბერს, თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ–ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა. ​ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 25 და დაშავებულია 800 ადამიანი, ხოლო ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.