ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ინფორმაცია პარტიის ცენტრალურ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაზარი-შარიფის უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის ხმების 84,7 პროცენტი.

„რაც შეეხება მეორე, ბაგრამი-ხაბულის ბაზას, აქ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანთან ერთად არის ძალიან ემოციურიც“, - განაცხადა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის.

„ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რათა კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ქართული ჯარის გაძლიერებაზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა კობახიძემ.

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. 

ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

წინასწარი მონაცემებით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შედის.