ქალები ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ: დეპუტატობის ყველაზე კაშკაშა კანდიდატები საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე სულ უფრო მეტი ქალი იწყებს გამოჩენას და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება
Sputnik

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დეპუტატ ქალთა რიცხვი გაიზრდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესწორებების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი (25%) ქალი უნდა იყოს.

მაგრამ ყველა ქართულ პარტია როდი შეხვდა ამ შესწორებას დადებითი რეაქციით.

„ძალიან ბევრი ჩაგრული ჯგუფი არსებობს, მაგალითად რატომ არ შეიძლება კვოტები შემოვიღოთ გეებისთვის, ბისექსუალებისთვის, ტრანსგენდერებისთვის, და რელიგიურმა უმცირესობებმა რა დააშავეს?“ — წერდა ოპოზიციური პარტია „გირჩი“.

მათ სარჩელიც კი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, უშედეგოდ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, იმის გათვალისწინებით, რომ შესწორება არანაირად არ ემუქრება პარტიის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

„Sputnik საქართველო“ წინასაარჩევნო მარათონის მშვენიერი სქესის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლებს გაგაცნობთ.

ქალები ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ 

ალბათ, ყველაზე ხმამაღალი კანდიდატი 2020 წლის წინასაარჩევნო რბოლაში მაინც ტელეწამყვანი და ახლა უკვე პოლიტიკოსი ნანუკა ჟორჟოლიანია. ის კენჭს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატად იყრის იმერეთის რეგიონში (სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი).   

ნანუკა რეიტინგული თოქ-შოუების ავტორი და წამყვანი იყო „რუსთავი–2-სა“ და „იმედზე“, ახლა კი „მთავარ არხზეა“. 

ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსი გვპირდება, რომ დაიცავს თანამემამულეების უფლებებს და დარჩება „ჩვენს ნანუკად პარლამენტში“. მისი უფროსი ქალიშვილი  მარიამ გეგუჩაძე დედის კვალს გაჰყვა და ცდილობს ტელეწამყვანის როლი მოირგოს. მარიამი ხშირად ჩანს საპროტესტო აქციებსა და ახალგაზრდული დემონსტრაციების სათავეში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოცეულში ძირითადად ნაცნობი ქალი–სახეებია: პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე, გამოცდილი დეპუტატები სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა, ასევე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.

ახალ პარლამენტში ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვს „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეულში მყოფ სამ ქალს: თეა წულუკიანს, მარიამ ქვრივიშვილსა და მაია ბითაძეს. 

თეა წულუკიანს, რომელიც სიაში მეოთხე ადგილს იკავებს, შეიძლება ქართული პოლიტიკის „რკინის ლედი“ ეწოდოს. იგი რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს, ექვს პრემიერ-მინისტრთან მუშაობა მოასწრო და გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის კატეგორიული იყო. წულუკიანი „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შეუერთდა. თუმცა მოგვიანებით პარტიისა და მინისტრის გზები გაიყარა.

2016 წელს წულუკიანმა ფეისბუქ-გვერდზე მოკლე პოსტით ამცნო საზოგადეობას, რომ დაქორწინდა. იუსტიციის მინისტრის რჩეული ნუგზარ კაკულიაა, რომელიც ცხრა წლით უმცროსია წულუკიანზე. წყვილი 3 წლის ქალიშვილს — მერიკოს ზრდის.

პოლიტიკაში მოსვლამდე თეა წულუკიანი აქტიურად იყო ჩართული ალპინიზმში. მან კილიმანჯარო და ჯომოლუნგმას ნაწილიც კი დაიპყრო.                                                     

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსად გასული წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ეკონომიკის სამინისტროს უფროს მრჩევლად მუშაობდა. დამთავრებული აქვს კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰაასის ბიზნესის სკოლა.

კიდევ ერთი გამორჩეული ქალი–მაჟორიტარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, 41 წლის პროფესორი ანა დოლიძე. 2007 წელში ანამ, რომელიც ოპოზიციაში იყო სააკაშვილის ხელისუფლებასთან, შეერთებულ შტატებში წასვლა გადაწყვიტა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ უკან დაბრუნდა. ასე დაიწყო ანას გზა ქართულ პოლიტიკაში.

დღეს ის არის მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.

დოლიძე მარტო ზრდის შვილს და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ყოფილ მეუღლესთან, პოლიტიკოს, პუბლიცისტ, ჟურნალისტ ირაკლი კაკაბაძესთან.

აქტიურ ქალ პოლიტიკოსებზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია. პარლამენტში მისი ოთხწლიანი ყოფნა დასამახსოვრებელია მმართველი პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში პერფომანსებითა და ხმამაღალი განცხადებებით.

2017 წელს ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, მაგრამ არჩევნებში მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან დამარცხდა. მან 28 411 ხმა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. 

მოახლოებულ არჩევნებში ელენე ხოშტარია ბედს თბილისში ვაკის რაიონში ცდის. 

სხვათა შორის, ელენე ხოშტარია ცნობილია ანტირუსული გამოსვლებით, თუმცა ყველამ არ იცის, რომ მას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. 

ქართულ პოლიტიკაში ახალი ფიგურაა მუსიკოსი და პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი — ცნობილი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი. 2019 წელს მან ახალი პარტია „კანონი და სამართალი“ შექმნა, ხოლო 2020 წლის არჩევნებისთვის გიორგი ვაშაძესთან და მის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გაერთიანდა.

11 სექტემბერს თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ამომრჩევლებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ამცნო. დაავადება მსუბუქად არ მიმდინარეობდა, მაგრამ ჩარკვიანმა შეძლო ფეხზე წამოდგომა და საარჩევნო კამპანიის გაგრძელება თბილისში, საბურთალოს რაიონში. 

ქართული პოლიტიკის უცვლელ სახეებად რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ნინო ბურჯანაძე — „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“, ირმა ინაშვილი — „პატრიოტთა ალიანსი“ და ეკა ბესელია — პარტია „სამართლიანობისთვის“. მიუხედავად ბოლო წლებში ამ პოლიტიკოსი ქალბატონების გარშემო არსებული წინააღმდეგობრივი მოსაზრებებისა, დიდი ალბათობით, ისინი პარლამენტში შევლენ.

დაბოლოს, რაღა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკაში გენდერულ ბალანსზე საუბრისას, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ 2018 წლის დეკემბრიდან, პირველად ისტორიაში, საქართველოს პრეზიდენტი ასევე ქალია — სალომე ზურაბიშვილი.