ავიაციის სააგენტო: უკრაინელ დამკვირვებელთა რეისი ქართულ მხარეს არ გაუუქმებია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ჩარტერული რეისის მიღებაზე უარი უთხრა
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ჩარტერული რეისი, რომლითაც არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოში უკრაინული რადას ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაცია უნდა ჩამოფრენილიყო, უკრაინული ავიაკომპანია „SkyUp Airlines”-ის მოთხოვნით გაუქმდა, იუწყება პირველი არხი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

სკანდალი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე: უკრაინელი დეპუტატები საქართველოში არ შემოუშვეს

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული რადას დეპუტატებისა და ჟურნალისტების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა. 30-კაციანი დელეგაცია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვევით აპირებდა საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით საქართველოში დღეს ჩამოსვლას. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ჩარტერული რეისის მიღებაზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ რეისი თავად უკრაინულმა ავიაკომპანიამ გააუქმა.

„ავიაკომპანია „SkyUp Airlines-ის“ მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე, „SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებეულ განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.