სისხლიანი ავტოავარია გორთან: დაიღუპა 5 და დაშავდა 11 ადამიანი

ავტოკატასტროფა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშავებული თბილისში გადაჰყავთ.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთი–აღმოსავლეთის ავტომაგისტრალზე, გორთან ახლოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კახეთში ავარიაში 44 წლის ქალი დაიღუპა

„2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დედაქალაქში გამართული აქციის შემდეგ სამეგრელოში მიჰყავდა, თბილისიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ავტოკატასტროფა გორთან გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ერთი დაშავებული თბილისში გადაჰყავთ.