რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ასევე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მყოფი ემიგრანტები – საბერძნეთში სამი საარჩევნო უბანი მხოლოდ დედაქალაქ ათენში გაიხსნება.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურში. 

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მათგან? ექსპერტთა პროგნოზები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. საარჩევნო უბნები გაიხსნება საზღვარგარეთ, გამონაკლისი რამდენიმე ქვეყანაა.

„ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გათვალისწინებით, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადეს ცესკოს პრეს-სამსახურში.

„ლოკდაუნის“ გამო წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც, ასევე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მყოფი ემიგრანტები – საბერძნეთში სამი საარჩევნო უბანი მხოლოდ დედაქალაქ ათენში გაიხსნება.

საქართველოს პრემიერის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლების აღსრულების შესაძლებლობა ჰქონოდათ, მაგრამ სხვა სუვერენულ სახელმწიფოებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო საკუთარი წესები მოქმედებს, ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა.